დრონის თვალით დანახული სამყარო

03/19/2019
მომხმარებელი Tako Gelashvili

უპილოტო საფრენმა აპარატმა ძალიან მალე მოიპოვა პოპულარობა. თავდაპირველად დრონი სამხედრო მიზნებისთვის გამოიყენებოდა, თუმცა მოგვიანებით მან არაერთი დანიშნულება შეიძინა. დღეისათვის მფრინავ აპარატებზე მოთხოვნა საგრძნობლად გაიზარდა და დრონის ფუნქციებიდან გამომდინარე, მომდევნო წლებისთვის,სავარუდოდ, ეს რაოდენობა თანდათან გაიზრდება.

დრონები, ერთი შეხედვით უწყინარი ტექნოლოგიური მოწყობილობაა, რომლებიც ასევე უწყინარი საქმიანობისთვის გამოიყენება. მათ აქვთ გასართობი, სათამაშო, სამოყვარულო და პროფესიონალური დანიშნულება. მფრინავი აპარატების ნაწილი გამოიყენება , როგორც დახურული სივრცის პირობებში, რომლითაც ძირითადად ბავშვები თამაშობენ და ასევე ღია ცის ქვეშ, სადაც დრონის მოყვარულებს შესაძლებლობა აქვთ მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა შეჯიბრებებშიც.

საქართველოში, დრონები განსაკუთრებით პოპულარულია ფოტოგრაფიასა და ვიდეოების გადაღებაში,ასევე მას კადრების მისაღებად აქტიურად იყენებენ მედიასაშუალებებიც,რადგან ის საკმაოდ მოსახერხებელი და პრაქტიკული საფრენი აპარატია, რომელიც დაუვიწყარ, შთამბეჭდავ კადრებს იღებს და მისი წყალობით მოვლენების ციდან გადასაღებად საჭირო ხარჯები, მნიშვნელოვნად შემცირდა. გარდა ამისა დღეს, უპილოტო საფრენ აპარატს, ფართოდ მოიხმარენ კინო-ტელე-სარეკლამო ბიზნესში. მისი გამოყენება ძალიან ეფექტურია, რადგან ის აღნიშნულ ბიზნესებთან დაკავშირებულ ხარჯებს საგრძნობლად ამცირებს, მიღებული პროდუქტი კი ხარისხიანია. დრონი იძლევა საშუალებას დაახლოებით 150 მეტრის სიმაღლიდან გადაიღოს მაღალი ხარისხის ვიდეო. Wi-Fi და სამართავი პულტი კი ხელს უწყობს მის მართვას 500-700 მეტრის რადიუსში. როგორც ხედავთ,თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით ბევრად მარტივდება პროფესიული საქმიანობა და ასევე საინტერესო ხდება გართობაც.

იცოდით თუ არა ,რომ უპილოტო საჰაერო ხომალდებს აქვთ უდიდესი პოტენციალი გახდნენ მნიშვნელოვანი ეკონომიკური და სოციალური სარგებლის მომტანი ქვეყნისათვის?

წარმოგიდგენთ დრონების რამდენიმე უჩვეულო დანიშნულებას :

კურიერი დრონები

რაც არ უნდა სასაცილოდ ჟღერდეს დრონების საშუალებით პროდუქციის მიწოდება სულ მალე გახდება შესაძლებელი. დრონით მიტანის სერვისი პირველ რიგში გადაჭრის იმ დიდ პრობლემას,რომელიც ჩვენს ქალაქში საცობებსა და შესაბამისად დიდი დროის კარგვას უკავშირდება. დრონის ეს არაჩვეულებრივი შესაძლებლობა სრულად ორიენტირებული იქნება მომხმარებელზე და მისი დახმარებით ისინი ძალიან სწრაფად და უსაფრთხოდ მიიღებენ ნებისმიერ შეკვეთას.

მსხვილი კომპანიები, მათ შორის Amazon, Google დრონებს საქონლის მიწოდებისთვის აქტიურად იყენებენ. მაგალითად, Amazon- ახერხებს დრონის საშუალებით საქონელი დანიშნულების ადგილზე 30 წუთში მიიტანოს. დრონი იდეალურია მცირე ზომის ტვირთების გადასაზიდად. საშუალოდ, დრონს 500 გრამიდან 1 კილოგრამამდე წონის ტვირთის გადატანა შეუძლია.

დაცვის თანამშრომელი

დრონის საშუალებით საზღვარზე მუდმივი მონიტორინგის განხორციელება შეიძლება. მისი მოხმარება შესაძლებელია ქვეყნის შიგნითაც, მაგალითად, დაცული ტერიტორიებზე უკანონო შეღწევის აღსაკვეთად, ან კერძო და საჯარო ობიექტების გასაკონტროლებლად.

უსაფრთხოება

რიგ შენობებში, მაგალითად ხიდებზე და ცათამბჯენებზე დრონების საშუალებით ისეთი ადგილების შემოწმება ხდება, რომლებიც ძალიან მაღლაა განლაგებული და სადაც ადამიანების ასვლა რისკს წარმოადგენს. დრონის საშუალებით ასეთ ადგილებში დაზიანებების აღმოჩენაა შესაძლებელი.

სტიქიური უბედურებების მართვა

დრონების კიდევ ერთი სასარგებლო დანიშნულება ბუნებრივი სტიქიების მსხვერპლთა დახმარებაა. ზოგიერთ შემთხვევაში, მაგალითად, წყალდიდობის დროს დრონებს ადამიანების გადარჩენა შეუძლიათ. დატბორილ ტერიტორიაზე შედის დრონი, რომელიც აკვირდება, საჭიროებს თუ არა ვინმე დახმარებას.

სოფლის მეურნეობა

დრონებს აქტიურად იყენებენ ნათესების მონიტორინგისთვის.რაც უფრო დიდია მეურნებობა, მით უფრო რთულდება მენეჯმენტი. დრონის დინამიკური მონიტორინგის წყალობით, გვაქვს შესაძლებლობა, რომ ვაკონტროლოთ მცენარე ვეგეტაციის ნებისმიერ ფაზაში- დასაწყისშივე შევნიშნოთ რაიმე პრობლემა და მივმართოთ გარკვეულ ზომებს მისი პრევენციისთვის. დრონების აღჭურვა ასევე შესაძლებელია მულტისპექტრული, ჰიპერსპექტრული და თერმული კამერებით. ეს გვაძლევს საშუალებას, გამოვავლინოთ ის ადგილები, სადაც არის ნაკლები ტენი და სიმშრლე, ასევე დავადგინოთ მცენარის სიმჭიდროვისა და აორთქლების კოეფიციენტი, რის მიხედვითაც მივცემთ მცენარეს საჭირო რაოდენობის წყალს.

მაშ ასე,როგორც ხედავთ, თუ დრონს თქვენი მიზნებისთვის სწორად და ჭკვიანურად მოიხმართ, ეს საშუალებას მოგცემთ განავითაროთ თქვენი ბიზნესი და რაც შეიძლება დიდი სიამოვნება მიიღოთ იმ საქმისგან ,რომლითაც ხართ დაკავებული.